Accentnews.ge
კობახიძე – უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე: "ეს მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე"

კობახიძე – უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე: "ეს მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე"

05/12/2024 10:25:45 პოლიტიკა

დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს.

მისივე თქმით, "უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის".

"ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მოგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა, თვითონ სანქციების დაწესება არის ისეთი მოველენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით: პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა, სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლები. ამ ორი საბაბით, თავის დროზე, უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1-ელ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია. აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგიწოდებდა „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მუდმივად გრძელდებოდა ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით“ კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ყველაფერზე. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. საინტერესო არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის. საბოლოდ, მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონს მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვონ და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული. სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი 18 თანამოაზრე დაასანქცირა" .

"ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებია საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია აქტიურობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, როცა უპრინციპოდ იქცევი და პრობლემაზე არ რეაგირებ, ქვეყანას ათწლეულების მოპოვებულ თავისუფლებას ართმევ. არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა – არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვასი. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 18 თანამოაზრის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად", ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან:

  1. ბიძინა ივანიშვილი;
  2. გრიგოლ ლილუაშვილი;
  3. კახა კალაძე;
  4. მიხეილ ჩინჩალაძე;
  5. მამუკა მდინარაძე;
  6. ვახტან გომელაური;
  7. ოთარ ფარცხალაძე;
  8. ირაკლი რუხაძე;
  9. ლევან მურუსიძე;
  10. ვიქტორ ჯაფარიძე;
  11. დიმიტრი სამხარაძე;
  12. გიორგი ხაინდრავა;
  13. ირაკლი კობახიძე;
  14. გიორგი კობახიძე;
  15. ზვიად შალამბერიძე;
  16. შალვა თადუმაძე;
  17. თეა წულუკიანი;
  18. ირაკლი ქარსელაძე;
  19. კახა ბექაური.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S