
"ბინიდან აიყვანეს, სახლში შესვლის მომენტი იყო მაქსიმალურად ძალადობრივი" - კიდევ ერთი დემონსტრანტი დააკავეს
05/12/2024 10:36:31 საზოგადოება
დღეს, 5 დეკემბერს დილით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია საკუთარი ბინიდან აიყვანა.
როგორც ადვოკატი და ოჯახის წევრები ჰყვებიან, სახლში შესვლის მომენტი იყო ძალადობრივი, არ წაუდგენიათ არანაირი დოკუმენტები მიუხედავად მოთხოვნისა. მას სავარაუდოდ, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
კვარაცხელიას ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „ტვ პირველთან“ ანბობს, რომ დაკავება დილის 8 საათისთვის განხორციელდა.
„რაც შეეხება თვითონ ბინის ჩხრეკის და დაკავების ეპიზოდს, მოხდა ისე რომ არ წარუდგინეს განჩინება ბინაში მცხოვრებ პირებს. სახლში შესვლის მომენტი იყო, როგორც ოჯახი აღწერს, მაქსიმალურად ძალადობრივი. [ბრალდება - რედ.] სავარაუდოდ პოლიციელზე თავდასხმა, რომლის შესახებაც სავარაუდოდ, ხვალ დღის განმავლობაში ბარლს წაუყენებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მისი პოზიცია არის ის, რომ რა თქმა უნდა აქციაზე იმყოფებოდა, აფიქსირებდა აზრს მშვიდობიანად და მის არანაირ მოქმედებას არც ერთი პოლიციელის მიმართ ზიანი არ მოჰყოლია და ზიანი არ მოუყენებია“,- ამბობს ადვოკატი.
საპოლიციო ძალების ბინაში შესვლის მომენტის გახსენებისას ცოლი ყვება, რომ პოლიციელებმა ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ვიღაც კარს ჩუმად აღებდა. ხმაური როცა გავიგეთ და ვიკითხეთ, "ვინ იყო", გვითხრა, რომ "ჩვენი მეზობელი იყო"… ჩვენ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ამიტომ, დავეჭვდით და მოვთხოვეთ, ეთქვა ვინ იყო - სახელი და გვარი. ვერც ლაივის ჩართვა ვერ მოვასწარით ტელეფონში, გადავიღეთ მხოლოდ ვიდეოები. არაფერი წარუდგენიათ, ძალიან ცუდად გველაპარაკებოდენ - მე და ჩემი მეუღლის დას გვაგინეს, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ყელში წამიჭირა და ტელეფონის გადადგება მომთხოვა, ვუთხარი რომ პოლიციაში დავრეკავდით, ეთქვათ მათ სახელები და ზუსტად ვციტირებ „დარეკე მერე, არავის მოჭამოთო“ - ეს იყო მაგათი პასუხი“,- ყვება კვარაცხელიას ცოლი.
კვარაცხელიას და იხსენებს, რომ სამივენი აქციებზე ყავას, პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს არიგებდნენ, რისი ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც არსებობს და სწორედ ამ აქტივობას უკავშირებენ კვარაცხელიას დაკავებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და 1993 წელს დაბადებული ს.ს. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ჯამში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 15 პირი, ადმინისტრაციულით - 300-ზე მეტი. ადვოკატების თქმით, დაკავებულთა უმეტესობას აღენიშნება მძიმე დაზიანებები. დაკავებულები საუბრობენ ანგარიშსწორებაზე.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთი ფაქტი. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.