
შოთაძე – ოპოზიციის პერფორმანსზე: „მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“
17/02/2020 11:03:56 საშინაო პოლიტიკა
„მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“, – ასე გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მოწყობილ პერფორმანს.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან, უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ნათქვამია - მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო“ . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, - განაცხადა შოთაძემ.
ოპოზიციონერი პარლამენტარები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ.
მათი თქმით, "ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილის "მონები არიან".
ცნობისთვის: პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოსმენა მიმდინარეობს, რომელსაც ხსენებული ოპოზიციონერი პარლამენტარები არ ესწრებიან. პარალელურად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, ხსენებულ თანამდებობაზე შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ვერ იქნება.
პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა. აქტივისტების განცხადებით, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ცნობისთვის: ხვალ შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან „სირცხილის დერეფნის“ მოწყობას აანონსებს.