
დათუნაშვილის ადვოკატი: "ხომ სპორტსმენი ხარო", შავებში ჩაცმულმა ნიღბიანებმა "თავში მირტყეს ძალიანო"
05/12/2024 10:58:43 პოლიტიკა, საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ზურაბ დათუნაშვილის ადვოკატი ბექა კვინიკაძე დაკავებულის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ მას ხილული დაზიანებები აღენიშნება სახისა და კისრის არეში.
ადვოკატი თავის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ყვება, რომ დათუნაშვილზე ძალადობა განხორციელდა როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ - ავტომანქანაში, იზოლატორში გადაყვანისას.
"ხომ სპორტსმენი ხარო", შავებში ჩაცმულმა ნიღბიანებმა "თავში მირტყეს ძალიანო", ურტყამდნენ ტანის არეში",- ამბობს ადვოკატი "აქცენტთან".
მისი თქმით, დათუნაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული - ედავებიან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა მიუთითებს, რომ რეალურად იდენტიფიცირებად პოლიციელებთან კომუნიკაცია დათუნაშვილს არ ჰქონია.
"ქართულმა ოცნებამ" მოაბილიზა "ტიტუშკები", ერთ-ერთმა დათუნაშვილის პროვოცირება მოახდინა. სავარაუდოდ, ეს ადამიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი იყო. ზურას დაკავებაზე პოლიციელების მიმართ განკარგულება მან თავად გასცა და შემდეგ მოვიდნენ სხვები", - თქვა ადვოკატმა.
4 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ ადგილზე მოხდა ინციდენტი. ამ დროს დააკავეს დათუნაშვილი, ასევე "ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი.