
ლევან იოსელიანი: დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა
05/12/2024 11:35:26 საზოგადოება
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, "დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა".
"ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრამვის შესახებ", – განაცხადა მან.
იოსელიანის თქმით, "პოლიციელების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე აცნობეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს".
"აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი", – დასძინა მან.
ცნობისთვის: „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების და კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილებულა. ის დუშეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ამის შესახებ "აქცენტთან" მისმა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ისაუბრა.
ადვოკატი ამბობს, რომ იზოლატორში შესახლებისას სტანდარტულად აღწერეს დაზიანებები, რომლებიც აღენიშნება დაკავებულს სახის და ზურგის არეში. ასევე ვარაუდობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი, რადგან "ჰქონდა ძლიერი ტკივილები" და აქედან გამომდინარეც ითხოვს ადვოკატი ექსპერტიზას.
ადვოკატის თქმით, ელისაშვილმა დაზიანებები მიიღო უშუალოდ ძალის გამოყენებით დაკავებისას და არ საუბრობს დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე:
"დაკავების დროს მოხდა მასზე ძალადობა - აგინებდნენ, ურტყამდნენ სახის, ტანის არეში".
ელისაშვილი დააკავეს „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. ადვოკატი თვლის, რომ ეს იყო ძალის დემონსტრირება, საუბრობს დაკავების უსაფუძვლობაზე რამდენიმე გარემოებაზე მითითებით.
კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ელისაშვილმა 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. მას ედავებიან სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. მუხლი თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი წამოიწყო თავად ბაბაევმა და იმ მომენტისთვის ელისაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ვინაობის და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა, "თუ საქმის აღძვრა უნდოდათ, სსკ-ის 126-ე მუხლით უნდა აღეძრათ, რაც ცემას გულისხმობს. მეორე - "იმედს" გაეპარა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაბაევს რკინის ჯოხი უჭირავს ხელში და ელისაშვილი თავდაცვის რეჟიმში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებს".
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში განხორციელდა ელისაშვილის დაკავება ისე, რომ ის დაკითხვაზეც არ ყოფილა დაბარებული და მას ჯერ არ მიუღია კითხვაზე პასუხი, რა გარემოებებმა წარმოშვა ელისაშვილის მყისიერად, ხალხმრავალ ადგილზე დაკავების აუცილებლობა. ის თვლის, რომ დემონსტრაციულ ღონისძიებას ჰქონდა ადგილი.
"საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ელისაშვილი გადაადგილდებოდა მარტოდ - მიდიოდა აქციებზე, ბრუნდებოდა სახლში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისი დაკავება, მაგრამ ეს არ მომხდარა. პოლიტიკოსების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა პროვოკაცია, რამაც მიიპყრო ყურადღება, ამ დროს ეცა 15-მდე სამართალდამცველი და დემონსტრაციულად, კამერების წინ სასტიკი მეთოდებით მოხდა მისი დაკავება",- ამბობს "აქცენტთან" ადვოკატი.
ის ასევე ამბობს, რომ ელისაშვილი თავს მხნედ გრძნობს:
"თავს ნორმალურად, მხნედ გრძნობს. მითხრა კიდეც, ჩემი დაზიანებები რა მოსატანია იმ ახალგაზრდებთან შედარებით, სასტიკი მეთოდებით რომ უსწორდებიანო".