
ცხვიტარიძის ადვოკატი: ამბობს, რომ გამომძიებელი გავიდა ოთახიდან, შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს
05/12/2024 11:47:39 საზოგადოება
კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის საბა ცხვიტარიძის ადვოკატი თავის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაკავებულზე „ნიღბიანმა პირებმა დიღმის მთავარ სამმართველოში იძალადეს“.
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ "აქცენტთან" ამბობს, რომ დაკავებულს დაზიანებები ვიზუალურადაც აღენიშნება.
„საბას აღენიშნება დაზიანებები. ის დააკავეს დაახლოებით ზესტაფონის მიმდებარედ. პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს მანქანაში, მანქანაში მსხდომთაგან ზოგს ჰქონდა პოლიციის თანამშრომლის ნიშანი, ზოგს - არა. ჩამოიყვანეს სამმართველოში. მისი განმარტებით, იზოლატორში შეყვანამდე აიყვანეს მე-5 სართულზე, გამომძიებელი გავიდა ოთახიდან, შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს - ამ შენობაში, მე-5 სართულზე! მან მიიღო დაზიანებები. ჩემი შეხედულებითაც, დაზიანებები აღენიშნება თავის და ტანის არეში“,- უყვება "აქცენტს" ადვოკატი.
ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისკენ.
„ერთია, როდესაც ქუჩაში ვიღაც შესაძლოა გადაცდომას ახორციელებდეს, მეორე - ამ შენობაში! ბრუნდებოდეს ის დრო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ რომ ოდესმე დაბრუნდეს!“.
ცხვიტარიძის დაკავების შესახებ 4 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატი ამბობს, რომ მას ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს და სავარაუდოდ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.