
ბლინკენი: "აშშ იზიარებს ეუთო–ს მრავალი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით"
05/12/2024 14:13:16 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ იზიარებს ეუთო–ს მრავალი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით". ამის შესახებ მან ეუთო–ს მინისტრთა საბჭოს პლენარული სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "მიმდინარე წელს ეუთო აკვირდებოდა ათზე მეტ არჩევნებს, მათ შორის აშშ-ში გამართულ არჩევენბს და მისი შეფასებები ოქროს სტანდარტად ითვლება".
"საქართველოში დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს ამომრჩეველთა დაშინებისა და მმართველი პარტიის მცდელობების შესახებ, რომ გარემო მის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო–ს მრავალი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი. ამას 2014 წლის შემზარავი ელფერი აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - რეპრესიას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ, რომ თავიანთი ქვეყანა დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების გზაზე - განსაკუთრებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავებების შესახებ ცნობებს
"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერების კუთხით", – განცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.