საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იორდანიაში რუსეთისა და სხვა ეკლესიების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
17/02/2020 11:46:57 საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან, სადაც მართლმადიდებელ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განიხილონ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
„კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას. საქართველოს საპატრიარქოში იზიარებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის პოზიციას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ შეხვედრა და მსჯელობა ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ჩამოსვლისგან" - აცხადებს ჯაღმაიძე.
თეოფილე III-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. მსოფლიო პატრიარქი შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
მანამდე, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ „ეს შეკრება (მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით) ემსახურება მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ს (არქონტონისი) ავტორიტეტის დაკნინებას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ ცნობას“.


