
ოთხი ევროპარლამენტარი: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც რეპრესიების ტალღასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება
05/12/2024 15:01:50 პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქართველოს მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძნა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. "ქართული ოცნება" პირდაპირ პასუხისმგებელია დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლაზე და ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები არის საქართველოს მომავლის შესახებ გავრცელებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულება ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე და შემდგომ რეპრესიებზე ქუჩებში გამოსული საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელსაც რეპრესიების ტალღასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე უმთავრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. საქართველოს გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება სჭირდება, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დემოკრატიისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად რჩება. ევროპარლამენტი მამაც ქართველ ხალხსა და მათ ევროპული მომავლის არჩევანს მხარს უჭერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.