Accentnews.ge
ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

05/12/2024 16:14:35 პოლიტიკა, საზოგადოება

"ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი იზოლატორიდან თბილისში, კლინიკა "ვივა მედში" გადმოიყვანეს.

როგორც ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა უთხრა "აქცენტს", ელისაშვილს ზურგის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მათ ვერ აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება, ამასთან, დუშეთში არ აღმოჩნდა შესაბამისი კლინიკა და ელისაშვილი გადმოიყვანეს თბილისში.

"ვვარაუდობთ, რომ აქვს მოტეხილობა",- თქვა ადვოკატმა.

ელისაშვილს, რომელიც გუშინ დააკავეს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად ბრალი დღეს წარუდგინეს. აღკვეთის ღონისძიების სახეზე სასამართლო 6 დეკემბერს იმსჯელებს. ცნობილია, რომ პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ელისაშვილმა 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. მას ედავებიან სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. მუხლი თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი წამოიწყო თავად ბაბაევმა და იმ მომენტისთვის ელისაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ვინაობის და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა, "თუ საქმის აღძვრა უნდოდათ, სსკ-ის 126-ე მუხლით უნდა აღეძრათ, რაც ცემას გულისხმობს. მეორე - "იმედს" გაეპარა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაბაევს რკინის ჯოხი უჭირავს ხელში და ელისაშვილი თავდაცვის რეჟიმში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებს".

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში განხორციელდა ელისაშვილის დაკავება ისე, რომ ის დაკითხვაზეც არ ყოფილა დაბარებული და მას ჯერ არ მიუღია კითხვაზე პასუხი, რა გარემოებებმა წარმოშვა ელისაშვილის მყისიერად, ხალხმრავალ ადგილზე დაკავების აუცილებლობა. ის თვლის, რომ დემონსტრაციულ ღონისძიებას ჰქონდა ადგილი.

"საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ელისაშვილი გადაადგილდებოდა მარტოდ - მიდიოდა აქციებზე, ბრუნდებოდა სახლში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისი დაკავება, მაგრამ ეს არ მომხდარა. პოლიტიკოსების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა პროვოკაცია, რამაც მიიპყრო ყურადღება, ამ დროს ეცა 15-მდე სამართალდამცველი და დემონსტრაციულად, კამერების წინ სასტიკი მეთოდებით მოხდა მისი დაკავება",- ამბობს "აქცენტთან" ადვოკატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S