
"უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე" - მანიფესტს 100-მდე მუსიკოსი აწერს ხელს
05/12/2024 19:04:56 საზოგადოება
100-მდე ქართველი მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი ერთობლივი მანიფესტს ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, საქართველოში შექმნილი ვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მათ აფიქრებინებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი უნდა გაფართოვდეს და გადაიზარდოს საერთო გაფიცვაში.
მანიფესტზე ხელმომწერები გმობენ "პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს".
მათ განცხადებით საქართველოში შექმნილ ვითარებაში, "სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო" შეუძლებელია დარჩნენ რეაგირების გარეშე.
"ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე", - წერია მუსიკოსების მანიფესტში, რომელიც 5 დეკემბრის საღამოს გავრცელდა და ხელს აწერს 92 მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი.