
პრეზიდენტი – ლაზარე გრიგორიადისზე: შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი
05/12/2024 19:20:09 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალება არის "დამნაშავე ადამიანების შეწყალება" და ეს აქტი მხოლოდ მისი დისკრეციაა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ გრიგორიადისის შეწყალება "არაერთხელ გაიხსენეს დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში".
"18 წლის ბავშვი, რომ არ უნდა დალპეს ციხეში, შეიძლება, მოინანიოს, შეიძლება, შეცდომა დაუშვა... შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების და არა უდანაშაულოების. ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე", - თქვა პრეზიდენტმა,
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "თქვენი აზრით ის იყო უდანაშაულო?", პრეზდენტმა შემდეგი აღნიშნა:
"არ მითქვამს. პირიქით ვამბობ. შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე დანაშაული ჩადენილი. პრეზიდენტის შეფასება, ვინმე უნდა შეიწყალო, თუ არ შეიწყალო, ეს დისკრეციაა. ეს ეხება სინდისს, რისთვისაც ვრჩები შემდეგ მარტო ჩემ თავთან".
მან ასევე აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხიც. ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ გაფრთხილებული "ტროლები და ინფლუენსერები" დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს იგი სააკაშვილის შეწყალებას აპირებდა:
"სხვათაშორის, თუ შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი, აქ რომ იყო მოსული, რომ შემომესიეთ, ახლახანს ერთი წლის წინ, რომ თქვენ აპირებთ [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას]... ეს იყო გაფრთხილებული "ოცნებაში", მათი ტროლების და ინფლუენსერების. როდის ვთქვი მე რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი, რომ არასდროს არ შევიწყალებ და არ შევიწყალე, აგერ".