06-12-2024 00:58:23 საზოგადოება
ქუთაისში, საპროტესტო მსვლელობაზე დაკავებული არასრულწლოვანი, რომელიც შეუძლოდ გახდა, იზოლატორში რჩება,- ეუბნება "აქცენტს" უფლებადამცველი თამუნა გაბოძე მოზარდის ახლობლებზე დაყრდნობით.
არასრულწლოვანი 17 წლისაა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას - ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული თუ სისხლის სამართლის წესით. უფლებადამცველის ინფორმაციით, ის კლინიკაში არ გადაუყვანიათ.
"ვნახეთ ძალიან მძიმე კადრები: ბავშვი მიწაზეა, მის გარშემო არის ძალიან ბევრი პოლიციელი. პოლიციელების ქმედებები კვლევის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვს მძიმე ზიანი მიადგა",- ეუბნება "აქცენტს" "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი.
ის იმედს გამოთქვამს, რომ 6 დეკემბერს მოზარდთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ და ოჯახის სურვილის შემთხვევაში, ჩაერთვებიან დაცვის პროცესში.
მოზარდის დაკავება აქციაზე დაახლოებით 21:00 საათისთვის განხორციელდა. კადრებში ჩანს, რომ მოზარდი მიწაზე გულაღმა წევს, პოლიციელებისგან მის დაცვას მოქალაქეები ცდილობენ, შედეგად რამდენიმე დემონსტრანტიც დაშავდა. მოქალაქეები ითხოვენ სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც.
"ბავშვის დახსნის პროცესში მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლნი გავხდით ბევრნი - ქალებიც და ბავშვებიც",- თქვა აქციის მონაწილემ.
წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ მოზარდი გაიყვანა. როგორც განიმარტა, დაკავების სავარაუდო მიზეზი არასრულწლოვანის მიერ პოლიციელების მისამართით მსუბუქი პიროტექნიკის, ე.წ „ბომბაჩკის” სროლა გახდა.
"როგორც მეუბნებიან, ბავშვმა მერიის მისამართით ისროლა რაღაც (არ ვიცით, რა), დაედევნა პოლიცია, ბავშვი შევარდა უნივერსიტეტის შენობაში, შეჰყვნენ, გაიგდეს ფეხქვეშ, ამ დროს ბავშვი გახდა შეუძლოდ. მეუბნებიან, რომ ბავშვი პოლიციამ ჩასვა მანქანაში და გადაიყვანეს",- თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.