ჭიჭინაძის ადვოკატი: ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, მხნედაა

06-12-2024 01:23:43 საზოგადოება

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.

ადვოკატის თქმით, ჭიჭინაძე დაკავებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.

„ინფორმაცია, რომ მისი დაკავება მოჰყვა ამ მოვლენებს, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება რუსთაველზე, ეს მისთვის ცნობილია, დანარჩენი - რა კვალიფიკაციით იქნა, რომელი კონკრეტული ეპიზოდია, რა ბრალდებაა, ნამდვილად უცნობია როგორც მისთვის, ისე ჩემთვის. მხნედ არის, არ უჩივის ფიზიკურ დაზიანებებს. ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული. სახლში ჩაუტარდა ჩხრეკა, საიდანაც არაფერი ამოღებული არ ყოფილა. სამწუხაროდ, ამ ჩხრეკას მე არ ვესწრებოდი“, – თქვა ადვოკატმა „მთავარ არხთან“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. დაკავებულია კიდევ 4 პირი. ბრალდება 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები