Accentnews.ge
შეხვედრის შესახებ ბოჭორიშვილმა და შალენბერგმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს

შეხვედრის შესახებ ბოჭორიშვილმა და შალენბერგმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს

05/12/2024 22:05:36 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი ავსტრიელი კოლეგა ალექსანდერ შალენბერგი 5 დეკებერს შეხვდნენ ერთმანეთს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში.

შეხვედრის შესახებ მინისტრებმა და სამინისტროებმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი ავსტრიელი დიპლომატის მიერ ამ უკანასკნელის მიერ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობაზე ხაზგასმის შესახებ.

საქართველოს საგარეო უწყებამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს და „მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში და მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი ავსტრიის ურყევი მხარდაჭერისათვის“.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, „საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის". ამასთან, "მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გვერდში დგომას". ამასთან, რელიზის მიხედვით, მინისტრმა კოლეგას "მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალენბერგის X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის არის „უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობა“, - წერს ის.

„დროა, ხელისუფლებამ დაიწყოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებები პოლარიზაციის დეესკალაციის მიზნით“, - დაწერა მინისტრმა შალენბერგმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს, სლოვაკეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს - იურაი ბლანარსა და ელინა ვალტონენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S