ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკავშირს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

06-12-2024 11:02:23 პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს.

"ლიეტუვის პარლამენტი კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და უკანონო დაკავებას და რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", – ნათქვამია რეზოლუციაში.

გარდა ამისა დეპუტატები მიიჩნევენ, რომ "საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად" და მხარს უჭერს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

დოკუმენტის თანახმად, ლიეტუვა გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას.

სეიმმა რეზოლუცია 109 ხმით მომხრე ერთი ხმით წინააღმდეგ მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები