ელისაშვილი იზოლატორში დააბრუნეს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

06-12-2024 12:08:30 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

როგორც ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა უთხრა "აქცენტს" მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაცია მისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი - კლინიკიდან ელოდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტების გადაცემას.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახეზე დღეს, სავარაუდოდ, 13:00-14:00 საათის შუალედში იმსჯელებს. როგორც დაანონსდა, პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

"ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი იზოლატორიდან თბილისში, კლინიკა "ვივამედში" 5 დეკემბერს გადაიყვანეს ძლიერი ტკივილების გამო. ადვოკატი ამბობს, რომ მას აღენიშნება დაზიანებები, ვარაუდობს მოტეხილობის არსებობასაც, ვინაიდან, დაკავებისას, ელისაშვილის თქმით, მასზე იძალადეს.

ელისაშვილს, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად ბრალი 5 დეკემბერს წარუდგინეს.

შსს-ს ვერსიით, ელისაშვილმა 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. მას ედავებიან სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. მუხლი თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი წამოიწყო თავად ბაბაევმა და იმ მომენტისთვის ელისაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ვინაობის და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა, "თუ საქმის აღძვრა უნდოდათ, სსკ-ის 126-ე მუხლით უნდა აღეძრათ, რაც ცემას გულისხმობს. მეორე - "იმედს" გაეპარა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაბაევს რკინის ჯოხი უჭირავს ხელში და ელისაშვილი თავდაცვის რეჟიმში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებს".

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში განხორციელდა ელისაშვილის დაკავება ისე, რომ ის დაკითხვაზეც არ ყოფილა დაბარებული და მას ჯერ არ მიუღია კითხვაზე პასუხი, რა გარემოებებმა წარმოშვა ელისაშვილის მყისიერად, ხალხმრავალ ადგილზე დაკავების აუცილებლობა. ის თვლის, რომ დემონსტრაციულ ღონისძიებას ჰქონდა ადგილი.

"საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ელისაშვილი გადაადგილდებოდა მარტოდ - მიდიოდა აქციებზე, ბრუნდებოდა სახლში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისი დაკავება, მაგრამ ეს არ მომხდარა. პოლიტიკოსების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა პროვოკაცია, რამაც მიიპყრო ყურადღება, ამ დროს ეცა 15-მდე სამართალდამცველი და დემონსტრაციულად, კამერების წინ სასტიკი მეთოდებით მოხდა მისი დაკავება",- ამბობს "აქცენტთან" ადვოკატი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები