
სისხლის სამართლის მუხლით აქციის კიდევ ერთი მონაწილე - 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს
06/12/2024 09:45:40 საზოგადოება
6 დეკემბერს, დილით საკუთარ სახლში დააკავეს 20 წლის ლუკა ჯაბუა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.
ახალგაზრდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატი რუსუდან აგულაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია, რას ედავებიან, რადგან აქციებზე არ ჰქონია შეხება სამართალდამცავებთან და ძირითადად მეგობრებთან ერთად, აქციის უკანა რიგებში იდგა:
„20 წლის ბიჭია დაკავებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ. ამოღებულია მისი ტელეფონი. წარმოდგენა არ აქვს, რა ორგანიზებასა და რა მომენტზეა ლაპარაკი. საქმის მასალებს რომ გავეცნობით, მას შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი“, - ამბობ ადვოკატი.
დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებიან ბრალის წარდგენას მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ბრალი წაუყენეს "დაფიონის" დამფუძნებელს, 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.
გუშინ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით სულ ხუთი პირი დააკავეს. ეს დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 პირი დააკავა. საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის, 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით.
28 ნომებრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, პროტესტი არ წყდება.
პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს. მასობრივ ძალადობაზე საუბრობენ ჟურნალისტები და დაკავებული დემონსტრანტები.
აქციების დაშლისას დაკავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი. ბოლო ორი დღეა შსს-ს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ განცხადება აღარ გაუვრცელებია.