
საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს
06/12/2024 11:00:19 საზოგადოება
საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯგუფი იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ და ასევე ბანერები, სადაც დაკავებული და ნაცემი პირები არიან გამოსახული.
ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ შენობა დაატოვებინა.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლიდან ცისფერ გალერეასთან გადაინაცვლეს.
იუსტიციის სახლში მუშაობა შეჩერებულია.
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.