
"რეალურად საქმე არ არსებობს!" - ცეცხლაძეს და კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდეს
06/12/2024 14:37:13 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის წონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „დაფიონის“ დამფუძნებელ სტუდენტს, 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს. ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ბრალდება 6-დან 9- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით“, - თქვა პროცესზე ცეცხლაძემ.
„საქართველოში დემოკრატია დასრულდა. ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს",- განაცხადა ცეცხლაძემ.
მან ასევე სამართალდამცავებს შეახსენა აპრილ- მაისის აქციები - ამ პროტესტში თავადაც აქტიური იყო და თქვა, რომ მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ:
„მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?".
„ჯგუფურ დანაშაულს და ერთობლივ მოქმედებას ედავებიან ადამიანებს, რომელთაგან ერთმა საერთოდ არ იცის ქართული (აზერბაიჯანელი გახლავთ). დაისვა კითხვა, რა ენაზე დაიგეგმა ან კომუნიცირებდნენ ერთმანეთთან ბრალდებულები? ცხადია პასუხი ვერ გაიცა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. ეს არის ქვასროლია ბიჭების საქმე - პროკურირმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ქმედება, რის გაკეთებასაც ედავებიან, ეს არის ქვის სროლა“,- თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
„ვიცით, რომ სასამართლოს ძირითადი პრინციპი შეჯიბრებითობის პრინციპია. დღეს პროკურატურამ ანგარიშით, 100:0 წააგო - უსამართლო სასამართლომ გამარჯვებულად გამოაცხადა 0 - აი, ეს რეალობა გვაქვს ქვეყანაში“,- თქვა ზვიად ცხადაძის მამამ - ზურა ცეცხლაძემ.
ის კონტექსტის გათვალისწინებით დარწმუნებულია, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება არა საგამოძიებო პროცესსა და მტკიცებულებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დასრულდება პოლიტიკური პროცესი.
„ამიტომ, გამოძიებას და მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ არსებობს, იმის გამოძიებას გამოძიება ისედაც ვერ შეძლებს“,- დასძინა მან.
ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებს.
ვეტერანის, მსახიობ ვეფხია კასრაძის ადვოკატი კახა კოჭორიძის თქმით, „საქმის მასალები არ არსებობს, ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია“:
„ვსვამ კითხვას: თუ კასრაძეს აბრალებთ ძალადობის ორგანიზებას, ვისი ქმედებები დააორგანიზა, ან რა შედეგები დადგა? - პასუხები არ აქვთ როდის გაკეთდა ჩანაწერი? ვინ გააკეთა? მოსამართლეს არ აინტერესებს - ეს სახეა ქართული მართლმსაჯულების“.
საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.