
ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი დემონსტრანტებს: იდექით დღე და ღამე, ნუ დაიშლებით, თქვენ გაიმარჯვებთ, როცა ერთად ხართ, თავისუფლები ხართ
06/12/2024 16:04:24 საზოგადოება
ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, გაგახსენებთ 2020 წლის ჩვენს საპროტესტო მსვლელობებს. ჩვენი ბელარუსის რევოლუციას. თქვენსავით წყლის ჭავლს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქ-ბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ათი მეტრიდან ნასროლ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს. მახსოვს, ერთხელ როგორ გავატარეთ მთელი დღე ქუჩაში და საღამოსკენ დაშლა დავიწყეთ, რომ მეორე დღეს ისევ შევკრებილიყავით. მეორე დღეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ტანკებით ვიყავით გარშემორტყმული. და გამახსენდა მოხუცი, რომელიც ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეს ტიროდა და ხელებზე გვექაჩებოდა: „არ წახვიდეთ! დღე და ღამე უნდა ვიდგეთ, მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ". იდექით დღე და ღამე. ნუ დაიშლებით. თქვენ გაიმარჯვებთ. როცა ერთად ხართ, თავისუფლები ხართ“, ნათქვამია მიმართვაში.
სვიატლანა ალექსიევიჩის მიმართვის ქართულენოვან თარგმანს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა ავრცელებს.
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.