
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები: საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ
06/12/2024 19:55:08 პოლიტიკა
საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მინისტრები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა".
„ჩვენ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ "მმართველი პარტიის გადაწყვეტილება "უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს".
"ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ“, - აცხადებენ მინისტრები.
საგარეო საქმეთა მინისტრები „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა“ და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების „მიზანში ამოღებას“ გმობენ.
„ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. [...] საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ“, - აცხადებენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
ცნობისთვის: "ვაიმარის სამკუთხედი“ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 1991 წელს დააფუძნეს. შეთანხმების თანახმად, სამი ქვეყანა იზიარებს ევროპის მომავლის საერთო ხედვას და ხალხების დაახლოების გზით, შეძლებს შეთანხმებული ევროპული გადაწყვეტილებების მიღებას. "ვაიმარის სამკუთხედის“ საქმიანობა მოიცავს ორ მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს (საერთაშორისო და ევროპული საკითხები) და თანამშრომლობას (რეგიონალური, საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით და სხვა).
თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.