Accentnews.ge
პარლამენტთან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

პარლამენტთან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

17/02/2020 13:56:28 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტთან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ღონისძიება "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელ ნათია კუპრაშვილის თქმით, პროცესები, რომელიც აჭარის ტელევიზიაში ვითარდება, არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება და დაახლოებით ორი თვეა, საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა, სარედაქციო საქმიანობას ჩამოაშორონ. „მიამიტური იქნება ფიქრი იმაზე, რომ ეს არ არის დაგეგმილი პროცესი“, - აღნიშნავს კუპრაშვილი.

ქარტიამ აქციაზე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა: „მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალმა დირექტორმა აიძულა, ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას. ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზეც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, "ტელევიზიის დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის".

ცნობისთვის: 16 თებერვალს საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S