
მოსკოვი ზურაბიშვილის დემონიზების მცდელობებს არ ეშვება
07/12/2024 15:09:18 პოლიტიკა
კრემლი საქართვლოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დემონიზების მიზნით სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ზურაბიშვილის "ნაცისტური ფესვების" შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"რუსოფობიისა და ულტრალიბერალიზმის ფესვების შესახებ. თურმე, არაერთი ევროპელი ჩინოსნის შემთხვევაში ამ ფესვებს მათი წინაპრების ნაცისტური წარსულისკენ მივყავართ. ასეა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის, ასევე კანადის ვიცე-პრემიერ ფრილანდის შემთხვევაში, ახლა კი უკვე... " - წერს ზახაროვა და დაუსრულებელ წინადადებას თან ურთავს პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხის - «Дипломатический источник»-ის ერთ-ერთი პუბლიკაციის ლინკს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის "ნაცისტების კოლაბორანტ" ბიძებზეა საუბარი.
კერძოდ, რუსული მედიის ინფორმაციით, ტელეგრამ-არხის პროპაგანისტულ პუბლიკაციაში ნახსენებია:
სალომე ზურაბიშვილის მამის ძმა - ჟორჟ ზურაბიშვილი - "ფილოსოფოსი და თარჯიმანი, რომელიც გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, 1944 წელს კი გაუჩინარდა" და სალომე ზურაბიშვილის დედის ძმა - მიხეილ კედია, რომლის შესახებაც ნათქვამია შემდეგი:
"სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიებში იგი ერთი სიტყვითაც არსადაა მოხსენიებული. როგორც ჩანს, ნაცისტ ოფიცერ მეგობრებთან ერთად გადაღებული ნათესავის ფოტო ხელს შეუშლიდა პარიზის პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლას".