
ომბუდსმენი - "ტიტუშკებზე": "მოვუწოდებ პოლიციას, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება"
07/12/2024 19:27:41 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნიღბიანი ე.წ. ტიტუშკების მიერ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე, "კოალიციის ცვლილებებისთვის" ოფისსა და ცალკეულ მოქალაქეებზე ამასწინანდელ თავდასხმებს ეხმიანება და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ სათანადო რეაგირება.
"ბოლო ერთი საათის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.