07-12-2024 23:51:09 პოლიტიკა ,სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "ტვ პირველის" თანამშრომლებზე დღევანდელი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოიქმედება" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე არ დასჯილა ჟურნალისტებზე არც ერთი თავდამსხმელი.
ცნობისთვის: „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ცოტა ხნის წინ ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს, პროცესს პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. გატაცებულია ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.
„ჩვეულებრივი ყაჩაღებივით მოქმედებდნენ. მაროდიორები არიან შავი ნიღბებით. მექმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისში "მხედრიონი" დაბრუნდა... მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ - "რას აშუქებთ, თქვე ბო*ებოო?"... პატრული იქვე იდგა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, უბრალოდ წავიდა" - უამბო კოლეგებს მაკა ჩიხლაძემ, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ გადამღები ჯგუფი ამ შემთხვევამდე სწორედ შავოსან ნიღბიანთა ქმედებებს აშუქებდა, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ოპერირებენ, ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან და ძარცვავენ.
"ქართული ოცნება" კი თბილისში მაროდიორი "ტიტუშკების" თარეშსა და თავდასხმებს მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ პროვოცირებულად ასაღებს. სწორედ ამ აზრის ტირაჟირება სცადა ცოტა ხნის წინ სახელისუფლებო პროპაგანდისტული "ტელეიმედის" ეთერში "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან გამოთქვა "პირადი ვარაუდი", რომ მსგავსი პროვოკაციები "აგენტებსა და ნაციონალებს პროტესტის დავარდნილი მუხტის ასაევად სჭირდებათ".