
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "დონალდ ტრამპის სახით ქართველ ხალხს მეგობარი ჰყავს"
07/12/2024 21:43:28 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. გამოქვეყნდა ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო-კადრებიც.
როგორც მოგვიანებით ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, "ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს".
მისივე ინფორმაციით, საუბრის თემას წარმოადგენდა "მოპარული არჩევნები" და რეპრესიები საქართველოში.
"ღრმა დისკუსია პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. მხილებულ იქნა მოპარული არჩევნები და ძალზე შემაშფოთებელი რეპრესიები საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა აშშ-ის პოზიციის სიძლიერის მნიშვნელობას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები" - წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზში ჩავიდა და ნოტრდამის აღდგენილი ტაძრის საზეიმო გახსნას დაესწრო მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე იგი უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაცია მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი.