
ირაკლი კობახიძე: "ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს"
08/12/2024 11:45:44 პოლიტიკა
პრემიერი–მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ იმედით ელოდება 20 იანვარს – ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც, მისი თქმით, ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში:
„ვფიქრობ, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მათ შორის დამშვიდდება ჩვენი რეგიონი. რა თქმა უნდა, ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად დამშვიდება ეს რეგიონი და, რაც დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. შესაბამისად ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად. მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. გამოქვეყნდა ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო-კადრებიც.
როგორც მოგვიანებით ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, "ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს".
მისივე ინფორმაციით, საუბრის თემას წარმოადგენდა "მოპარული არჩევნები" და რეპრესიები საქართველოში.
"ღრმა დისკუსია პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. მხილებულ იქნა მოპარული არჩევნები და ძალზე შემაშფოთებელი რეპრესიები საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა აშშ-ის პოზიციის სიძლიერის მნიშვნელობას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები" - წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზში ჩავიდა და ნოტრდამის აღდგენილი ტაძრის საზეიმო გახსნას დაესწრო მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე იგი უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაცია მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი.