
საპატრიარქო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება
08/12/2024 11:50:19 საზოგადოება
ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
საპატრიარქოს განმარტებით, „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება.
საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად.
მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11)“,-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის: თბილისში აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. აქცია ღამის 2 საათისთვის დასრულდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".