
თბილისსა და ქვეყნის რიგ ქალაქებში მედიის მხარდამჭერი აქციები იმართება
08/12/2024 11:52:59 საზოგადოება
თბილისსა და ქვეყნის რიგ ქალაქებში მედიის მხარდამჭერი აქციები იმართება.
თბილისში, „რესპუბლიკის მოედანზე“ სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ. ისინი დამნაშავეთა დასაჯას მოითხოვენ.
"უფლება კი არა, ჟურნასლიტების სიცოცხლე არ არის ამ ქვეყანაში დაცული, იმიტომ, რომ სიკვდილს მართლა სასწაულმა გადაარჩინა მაკა ჩიხლაძეც და გიორგი შეწირულიც გუშინ. გვიან ღამე მერე ექიმებს ველაპარაკებოდი, გიორგი შეწირული რომ გადარჩა და ხერხემალი არ ჩაუმტვრიეს, არის პირდაპირი ჩართვის მოწყობილობა, რომელიც ეკეთა ზურგზე, რომელიც არის რკინის და აქვს თავისი დარბილება და რომ ურტყამენდნენ ხერხემალში წიხლებს, ეს იცავდა. ამ თავდასხმას ჰყავდა მეთაური და ეს კადრებშიც ძალიან ცხადად ჩანს, რომლის ვიზუალსაც თუ დააკვირდებით, ძალიან ნათელია, რომ ის არის კარგად გაწვრთნილი და შესაბამისი მომზადების გავლილი ადამიანი და იყო მტელი ბანდა, 25-30 კაციანი სიკვდილის ბრიგადა, რომელიც თბილისის სამთავრობო კვარტალში გადაადგილდებოდა და ადამიანებს სცემდა, თავს ესხმოდა და ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული იერიში, რომ ქვეყანაში აღარ ისმოდეს თავისუფალი ხმები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ყველაზე უმაქნისი უწყება ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე არაერთი გამოძიება დაუწყია ამ სამსახურს, მაგრამ არცერთი დამდგარი შედეგი არ გვინახავს. "ტვ პირველზე" რუსული კანონის მიღების დროს რომ ჩასაფრება მოაწყვეს ადამიანებმა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ჩვენი ხელით რომ ამოვუღეთ და მივეცით, მაინტერესებს კარლო კაციტაძისგან, ვინ დაისაჯა ამისთვის? რა თქმა უნდა, არავინ და ასეთი საქმე არაერთია, - ამბობს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
"უპირველს ყოვლისა, ეს არის ადამიანის პოზიცია. ამას არ სჭირდება პროფესია, ამას არ სჭირდება არაფერი. სხვა შეფასება შეუძლებელია მისცე იმას, რაც ხდება. ეს არის ძალადობა, ამორალური საქციელი, ეს არის უკანონობა. ეს არის შემაძრწუნებელი, კანონდარღვევაა, ამას სჭირება რეაგირება. ჩვენ არაერთი სამართალდარღვევა ვნახეთ, მაგრამ სამართლებრივი რეაგირება ძალიან ცოტაა. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციით, რომ იყოს ნება, იქნება საქმეც. რომ არ არის ნება, არ არის რეაგირებაც", - ამბობს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
პარალელურად, მედიის მხარდამჭერი აქციები ბათუმში, ქუთაისსა და გორშიც მიმდინარებს.
ცნობისთვის: თბილისში აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. აქცია ღამის 2 საათისთვის დასრულდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".