
დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან
09/12/2024 05:09:25 საზოგადოება
დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან.
ბოლო 11 დღის განმავლობაში და მანამდე თბილისში გამართული აქციების ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი აქტიური ჯგუფის „დაიტოვე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მუქარის შესახებ ზარი შევიდა მის სატელეფონო ნომერზეც.
„ჩემი სიმ ბარათი დევს ელენეს ტელეფონში და ახლა დაურეკეს თურმე და შემოუთვალეს, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში“, - აცხადებს ღლონტი.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძეც აცხადებს, რომ უცნობი პირები ურეკავენ. მისი თქმით, მან უცნობ პირებს ტელეფონზე არ უპასუხა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქციების მონაწილეებს უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან. ასე მოხდა 2024 წლის მაისშიც, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდა ქუჩაში.
მაშინ საქმის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო და პროკურატურას გადაუგზავნა გამოსაძიებლად. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა დაადგინა პროკურატურამ.
ცნობისთვის: მე–11 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.