
"გაბედეთ!" - ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავენ
09/12/2024 08:47:09 საზოგადოება
ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავენ
ისინი სამინისტროს თანამშრომლებისგან აქციებზე დაშავებული და დაკავებული ხელოვნების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას მოითხოვენ.
"ჩვენი აქ დგომით ვეუბნებით, რომ გაბედონ, გაბედონ და ისინი არ დარჩებიან მარტო. მთავარია ერთი რამ, რომ მათ არ შეაფასებენ მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე - ის ადამიანური ფაქტორი, რომელიც ამ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან უნდა დაფიქსირდეს. არ შეიძლება, იყო ადამიანი და არ გმობდე იმას, რაც ხდება დღეს თბილისის ქუჩებში. შანსი ადამიანს, თუნდაც გვიან, მაგრამ ყოველთვის ეძლევა და ეს შანსი მათ უნდა გამოიყენონ",- თქვა ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა.
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ამბობს, რომ სამინისტროში კრიტიკულ აზრს დევნიან.
„კულტურის მინისტრისგან არაფერს ვითხოვთ. ის ჯერ ლეგიტიმური უნდა იყოს და შემდეგ შეიძლება მასთან კომუნიკაცია. კულტურის სამინისტრო არ არის მხოლოდ მინისტრი - ეს არის უწყება, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ეს უწყება (ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ) დიდწილად წარმოადგენს ნეპოტიზმის, გარიგებებით და პარტიული ნიშნით დასაქმების ეპიცენტრს, აქ აქ ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ გამოცდილება. არის მოსაზრება, რომ ამ უწყებაში კრიტიკულ აზრს დევნიან, არსებობს ინფორმაცია, განსაკუთრებულ მითითებებს აძლევენ, რომ არ დაწერონ გაფიცვისა და სოლიდარობის შესახებ წერილი. ჩვენ ერთის მხრივ, ვამხნევებთ მათ, რომ არ არიან მარტონი - მიუხედავად იმისა, რომ დააგვიანეს, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, გამოთქვან სოლიდარობა დასახიჩრებული ადამიანების მიმართ, ამავდროულად უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში თუკი არ იციან და გაიფიცონ ისე, როგორც იფიცება კულტურისა და ხელოვნმების სფეროს არაერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი“.
მოგვიანებით ხელოვანები კოლეგებისადმი გაფიცვის მოწოდებით მსვლელობას გამართავენ.