
რუსეთის უშიშროება "კეზერაშვილთან დაკავშირებული თაღლითური ქოლ-ცენტრების მუშაობის აღკვეთის" შესახებ იუწყება
09/12/2024 09:29:03 პოლიტიკა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური "საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის მოქმედების აღკვეთის" შესახებ იუწყება.
უწყების მტკიცებით, "საუბარია ცენტრებზე, რომლებიც კომპანია Milton Group-ის დამფუძნებლის, ამჟამად ლონდონში მიმალვაში მყოფი დავით კეზერაშვილის ინტერესებში მოქმედებდნენ და წარმოადგენდნენ საერთაშორიოს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის ნაწილს, ეს უკანასკნელი კი საინვესტიციო გარიგებების საფარქვეშ მასობრივი თაღლითობით იყო დაკავებული და მის მსხვერპლად 50 ქვეყანაში 100 000-ზე მეტი მოქალაქე იქცა". ".
როგორც მოსკოვში აცხადებენ, ამ ქოლ-ცენტრების რუსული ოფისების 11 ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
ცნობისთვის: რუსეთს კეზერაშვილი საერთაშორისო ძებნაში ჰყავს გამოცხადებული.
კეზერაშვილს ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ანალოგიურ ბრალდებას საქართველოს პროკურატურაც უყენებს.
თავად ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.