
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
09/12/2024 09:27:06 საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, 21 წლის პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
კახაბერ ჭელიძის განცხადებით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი.
"ყველას ყურადღების ცენტრშია 21 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანების თაობაზე უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯეროვნად, თუმცა გართულებებისგან არავინ არის დაზღვეული. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს. თავიდანვე რეანიმაციაში იყო შეყვანილი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობაც კვლავ რეანიმაციაში ყოფნას მოითხოვს სრული გამოღვიძების პროცესის დასრულებამდე. ბუნებრივია, გამოღვიძების შემდგომაც მისი მდგომარეობა საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინირებულ მართვას, რაც უპრიანია სწორედ რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა.
დაშავებულის ბიძამ იოსებ ჩანადირმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 21 წლის მამაკაცი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.
"ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, - განაცხადა იოსებ ჩანადირმა.