09-12-2024 14:28:55 საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მოუგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ წაშალა თავისი პლატფორმებიდან ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კეზერაშვილს „ქოლცენტრების სქემასთან“ აკავშირებდა.
როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "შედეგად, BBC-მ ყველა პლატფორმიდან მის შესახებ მომზადებული მასალები აიღო".
„ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.
BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.
BBC ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა, ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.
„ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).
მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“, - წერს დავით კეზერაშვილი.
ცნობისთვის: BBC Eye-ს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო დასახელებული. „მისტერ ოფშორი“, - ასე იყო ფილმში კეზერაშვილი დასახელებული.