დაკავებული ექიმი შიმშილობას განაგრძობს, მას ბრალს დღეს წარუდგენენ

09-12-2024 14:36:12 საზოგადოება

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს, 9 დეკემბერს, წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დაკავებიდან მალევე, პროტესტის ნიშნად ახობაძემ შიმშილობა გამოაცხადა. ახობაძის ადვოკატის ლაშა ცუცქირიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო, როგორ ჩაუდეს მარცხენა ჯიბეში "რაღაც".

ცუცქირიძე ამბობს, რომ ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ.

"გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკორიტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, თუმცა სატელეფონო კავშირისას გამომძიებელმა მითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნით სავარაუდოდ, განისაზღვრა მე-6 ნაწილი, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა გიორგისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან მე-6 ნაწილი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას. აქ მ,ნიშვნელოვანია ერთი გარემოება - გიორგი პირველი წუთიდანვე აცხადებს პროტესტს ამ საქმესთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ თავად გრძნობდა, დაკავებისას მარცხენა ჯიბეში როგორ ჩაყო ხელი გამომძიებელმა. ამის შემდეგ მოშორებით გადაიყვანეს და შემდეგ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა და ნარკორტიკი თითქოს ამოიღებს",- ამბობს ადვოკატი.

გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს თამარ მეფის გამზირზე დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მან ადვოკატს უთხრა, რომ მისი დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.

მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არაერთი დაკავებული საუბრობს მათ წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე. პასუხისგებაში მიცემულებს შორის არ არიან პოლიციელები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები