
სხვიტარიძის ადვოკატი: პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის #8, არამედ რუსთავის ციხეში, ამას შურისძიებას ვუკავშირებთ
09/12/2024 12:07:12 საზოგადოება
საბა სხვიტარიძის ადვოკატი ამბობს, რომ სხვიტარიძე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ერთადერთი ადამიანია, რომელიც გლდანის #8 საპატიმროს ნაცვლად, სადაც შესახლებული ჰყავთ ბრალდებულები, რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და სასჯელს იხდიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებრული პირები.
ადვოკატი მსგავს გადაწყვეტილებას შურისძიებას უკავშირებს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„გაუგებარი და პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის #8, არამედ რუსთავის - მეც და საბაც ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. ამიტომ, ყველა შესაბამის ორგანის მივმართავ, ამაზე დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება. ეს შურისძიების საფუძველია ჩვენი აზრით!“,- ამბობს ადვოკატი გიორგი ჩომახაშვილი.
ის თავის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ საკანში ანტისანიტარიაა და ღირსებისშემლახველ პირობებში იმყოფება. მან სახალხო დამცველისგან მიიღო სხვიტარიძის მონახულების პირობა.
ამასთან მიმართავს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად მოახდინოს რეაგირება სხვიტარიძის საქმეზე, რომელმაც დიღმის სამმართველოში „ნიღბიანი პირების მხრიდან“ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა.
„ამოიღეთ კამერები დიღმის განყოფილების, თუ როგორ შედიან ნიღბიანი ადამიანები მასთან, ვიდრე წაიშლება, თუ უკვე წაშლილი არ არის“,- მიმართა ადვოკატმა. სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.