
"მისთვის მოულოდნელი იყო"- აქციების კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ექმურება, ჟურნალისტი ნიკა კაციაა
09/12/2024 12:40:04 საზოგადოება
აქციების კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ექმურება, ჟურნალისტი ნიკა კაციაა.
ადვოკატი ამბობს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებდა გამომძიებელთან დაკავშირებას, შემდეგ გაირკვა, რომ საუბარია 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილზე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა) - განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რომელიც რვიდან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ჟურნალისტი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, „ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“.
ადვოკატი მიუთითებს პროცედურულ დარღვევებზე. კერძოდ, ყვება, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავა სადარბაზოსთან, კრიმინალურმა პოლიციამ ღამის საათებში.
„როდესაც ტაქსში ჩაჯდა, ჩაუსხდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც და მიმართულება შეუცვალეს - გლდანის ტერიტორიაზე გადასვეს სხვა ავტომობილში და გადაიყვანეს სხვა ლოკაციაზე. სადაც მოხდა მისი ჩხრეკა, თუმცა ვიდეომასალა არ არსებობს, რისი ვალდებულებაც მათ ჰქონდათ.
ეუბნებოდნენ, რომ არ აკავედნენ და მალე დაბრუნდებოდა სახლში, თუ ყველა დოკუმენტზე ხელს მოაწერდა: პირადი ჩხრეკის ოქმზე, დაკავების ოქმზე და იყო, როგორც ნიკა ამბობს, „რაღაც პარკები“, როგორც თავად აღწერს, ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის პარკები, თუმცა ნიკა ამბობს იმასაც, რომ მისი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ.
მას არ განემარტა უფლებები, არ იცოდა, რისთვის იყო დაკავებული, მოითხოვა ადვოკატი, თუმცა უარი უთხრეს.
დილით მოვინახულე და აღმოჩნდა, რომ არ იყო ინფორმირებული დაკავების საფუძვლების შესახებ.
ვცადე, გამერკვია, თუმცა კომუნიკაცია არ შედგა - მეორე დღის შუადღემდე ვერ დავეკონტაქტე გამომძიებელს. ნიკას გამოვკითხე ფაქტობრივი გარემოებები და თავდაპირველადვე საეჭვო იყო, რომ მას არ ჰქონდა გადაცემული დასაკების ოქმის ასლი, რისი ვალდებულებაც საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა.
ნიკა ამბობს, რომ პირადი ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, ხოლო როდესაც ოქმი გადმომცეს, წერია რომ ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. ეს მისთვის მოულოდნელი იყო“,- ყვება ადვოკატი.
ის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ როდესაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩასვეს მანქანაში კითხვები შეეხებოდა მის მონაწილეობას აქციებში, მის აქტიურ ჩართულობას.