
გოგებაშვილის ახლობელი: ადვოკატი გვეუბნება, რომ არიან ნაცემები
09/12/2024 13:51:36 საზოგადოება
ახლობლების ცნობით, 9 დეკემბერს, ღამით დააკავეს პროევროპული აქციების მონაწილე ლაშა გოგებაშვილი და მისი მეგობარი.
როგორც იტყობინებიან, გოგებაშვილი მეგობრებთან ერთად აქციიდან შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც გზა გადაუკეტეს, გადმოსვეს მანქანიდან, ყველანი შეამოწმეს, გაჩხრიკეს მანქანაც კი, გადაუღეს ფოტოები და გოგებაშვილი ერთ მეგობართან ერთად დააკავეს.
ირკვევა, რომ დაკავებულები დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებოდას ედავებიან.
ადვოკატი ამბობს, რომ მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
"გუშინ მეგობრები ვიყავით აქციაზე, ნაძვის ხის ირგვლივ ვმოძრაობდით. დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა ლაშას და გოჩას დაკავება (გატაცება) როდესაც ჩემი მანქანით სახლში უნდა წამოვსულიყავით. ავტომობილი ჩაგვიკეტა ორმა შკოდამ, დაახლოებით 10-15 შავებში ჩაცმული გადმოვიდა. შეშინებულმა ავტომატურად ჩავკეტე მანქანის კარი, რომ გავქცეულიყავით და არ დავეზიანებინეთ, თუმცა ფიზიკურად ამის საშუალება აღარ მოგვეცა, ყველა მხრიდან კრუგი შემოგვარტყეს, ცდილობდნენ ოთხივე კარის გაღებას და რომ მივხვდი მანქანას ჩალეწავდნენ, გადავედით რამოდენიმე წამში. გაგვიჩხრიკეს ავტომობილი ძირფესვიანად, ჩამოგვართვეს პირადობები და ბიჭებს ტელეფონები, გადაგვიღეს ფოტოები. 3 ბიჭიდან ერთი მალევე გადმოსვეს მანქანიდან, ჩემზეც კითხეს "მძღოლი თუ გვჭირდებაო" და "არა, ეგ გოგო არაო". მოკლედ ლაშა და გოჩა ცალ-ცალკე მანქანებში ჩაყარეს და პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს. არაფერი არ უთქვამთ, რისთვის ან რატომ გვჩხრეკდნენ, რა მიზნით მიყავდათ ბიჭები. დაახლოებით 2 საათ ნახევრის მერე გამოაჩინეს და გადაიყვანეს დიღმის იზოლატორში. ადვოკატს დღეს ვესაუბრე და "არიან ნაცემები, ოღონდ არც ისე რომ სასწრაფოს ჩარევა დაჭირდეთო", ანუ "მსუბუქად" ნაცემები. ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას რომელსაც ადგილი არ ქონია. იმდენად შოკში ვიყავით ოთხივე, წინააღმდეგობაც ვერ გავუწიეთ.დღეს შევუგზავნეთ საკვები და თითო ხელი ტანსაცმელი. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი თავს ნორმალურად გრძნობენ. ვიმედოვნებთ ხვალ გამოუშვებენ უვნებლებს",- ყვება თვითმხილველი ნინო გიკაშვილი.
მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არაერთი დაკავებული საუბრობს მათ წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე. პასუხისგებაში მიცემულებს შორის არ არიან პოლიციელები.