
მეზვრიშვილი: ადამიანები საშინელებებს ყვებიან, ესენი არიან რუსები!
09/12/2024 15:43:16 პოლიტიკა
ყოფილი პროკურორის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სისასტიკეში „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააჭარბა. ამ კონტექსტში ის მიუთითებს აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებზე მასობრივ ძალადობაზე, ქუჩაში მოთარეშე ნიღბიან ორგანიზებულ ჯგუფებზე და საგარეო პოლიტიკაზე.
„ადამიანები ყვებიან საშინელებებს! 26 მაისის საქმეზე ვიყავი პროკურორი და დეჟავიუ მაქვს - ახლა ზუსტად იგივე ხდება: კორდონებში ადამიანების გატარება; ხელკეტებით ცემა; იზოლატორებში მიჰყავთ, იქაც სცემენ; პოლიციის განყოფილებებში მიჰყავთ, იქაც სცემენ ადამიანებს; აჰყავთ სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში ადამიანები, იქაც რამოდენიმე ადამიანი ხვდებათ და კიდევ სცემენ; რამოდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ დაკავებულებს პირს აღებინებენ და პირში აფურთხებენ - იგივეს მიყვებოდა რამოდენიმე მოწმე, როდესაც მერაბიშვილის [შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი] პროცესზე ვიჯექი. რა ემატება ამას და რატომ არიან ესენი „ნაცებზე“ უარესები: გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები გადმოიღეს, ამას დაამატეს 90-იანების სრული „ბეზპრიძელი“ - მე გამოვიარე 90-იანები და უკანონო ნიღბიანი ბანდფორმირებები, ზედ დაამატეს რუსეთი. ესენი არიან რუსები! ყოველთვის ვერიდებოდი, რომ მათთვის მეწოდებინა „რუსული ოცნება“, მაგრამ გადალახეს ეს ზღვარი“,- ამბობს მეზვრიშვილი.
ის არაფორმალური დაჯგუფებების კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ მათ არ აქვთ რესურსი, დამოუკიდებლად მოახდინონ ოპერირება ველზე, ვინაიდან სჭირდებათ ინფორმაცია - „იციან როგორ იძალადონ, მაგრამ არ იციან, პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, არ მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, სად იმყოფება კონკრეტული პირი“:
„ინფრასტრუქტურა მთლიანად არის პოლიციის, სუისს და პროკურატურა ვერ გაძვრება ვერსად! არ ეგონოთ, რომ მათზე პასუხისმგებლობ არ არის, როდესაც ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავენ. ვისია ეს ბანდფორმირებები? ყოფილი გენოროკურორის, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, კერძო დაცვიდან მოჰყავთ ეს ადამიანები და შეუძლებელია მათი მართვა გომელაურის [შს მინისტრი], ლილუაშვილის [სუს-ის უფროსი] გაბიტაშვილის [გენპროკუორი] და ივანიშვილის [„ოცნების“ დამფუძნებელი] გარეშე“,- აჯამებს მეზვრიშვილი.