
ზელენსკი: ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და შესაძლოა, ჩინეთის
10/12/2024 05:58:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები.
ზელენსკის განცხადებით, წარმატებას სჭირდება ერთიანობა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც უსაფრთხოების ფასი იცის.
უკრაინის პრეზიდენტმა 10 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ.
ზელენსკი მაკრონს მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს - ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის.
ზელენსკის განცხადებით, "ტრამპს უთხრა, რომ პუტინს ეშინია მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის".
"მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ომის სამართლიანად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ახლავე მოქმედებაა საჭირო, რათა შესაბამისი საერთაშორისო წესრიგი აღდგეს", – აცხადებს იგი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე. 7 დეკემბერს ზელენსკისა და მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.