Accentnews.ge
სუს-ი კვლავ "ხელისუფლების დამხობაზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ განიხილება "სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი"

სუს-ი კვლავ "ხელისუფლების დამხობაზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ განიხილება "სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი"

10/12/2024 10:01:03 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს და აღნიშნულს უკავშირებს, მათ შორის, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

სუსის ვერსიით, პროტესტი "მილევად" რეჟიმშია და მსგავსი თავდასხმები "მუხტის გასაღვივებლად" ხორციელდება. მსგავს განცხადებებს ნიღბიანი ორგანიზებული ჯგუფების გამოჩენის შემდეგ, რომლებიც თავს ესხმოდნენ ვიწრო ქუჩებში დემონსტრანტებს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ხოლო თვითმხილველების თქმით, პოლიცია ამაზე არ რეაგირებდა, აკეთებდნენ "ქართული ოცნების" წევრები.

რუსთაველზე გასული დემონსტრანტების მოთხოვნაა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის.

აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა",- წერია განცხდებაში.

სუსი ამტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, "აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს".

ამ მიზნით, ასევე სუსის მტკიცებით, "დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი".

"აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას.აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.

აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადსხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს",- აცხადებენ სუსში.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტი არ წყდება მიუხედავად დემოსნტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების არაერთგზის გამოყენებისა. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს დაკავების შემდეგ მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. გამოყენებულ მეთოდებს უფლებადამცველები წამებად, არაადამიანურ მოპყრობად აფასებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S