Accentnews.ge
საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქე დააკავეს

10/12/2024 13:21:15 საზოგადოება

საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებიდან – 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ ოფიციალური მონაცემები დღეს, 10 დეკემბერს, გამოაქვეყნა "ფეისბუქის" გვერდზე.

10 დეკემბრის მდგომარეობით, 15 დაკავებულიდან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ.

იმის გამო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს, შუამავალ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის ინტერესთა სექცია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დეკემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც:

„განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს".

ცნობისთვის: მე–12 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S