
სასამართლოში ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე გამოიკითხა
10/12/2024 13:58:16 საზოგადოება
10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს რედაქტორი მარიამ ნიკურაძე.
ის გამოკითხვაზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე.
როგორც ნიკურაძემ გამოკითხვის შემდეგ თქვა, უსვამდნენ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს.
"ძირითადად აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ, როგორც ჟურნალისტი. ერთი უცნაური კითხვა ჰქონდათ, ჩემთვის - "რა გეცვა ხოლმეო" და ჩემი ცნობილი ლურჯი ქურთუკი დააკონკრეტა, "ეს ხომ გეცვა ხოლმეო". არ ვიცი, რა შუაში იყო ეგ, მაგრამ ძირითადად მისვამდა ზოგად კითხვებს - აქციაზე როგორი სიტუაცია იყო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მე თუ დავინახე ვინმე კონკრეტული მოუწოდებდა თუ არა ხალხს ძალადობისკენ. არ მახსოვს, ორგანიზატორი არ ჰყავს ამ აქციებს. მართლაც ზოგადი იყო შეკითხვები, ამ ერთი კითხვის გარდა. ოქმს გავეცნობი და მერე ვნახოთ, რა იქნება. ჩემი გადაღებული მასალა საერთოდ არ უხსენებიათ. ჩემი აზრით, და ადვოკატსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ გამოკითხული ხალხისგან სურთ მიიღონ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას არ ემორჩილებოდნენ და ძალადობრივი იყო თუ არა, ამის მოსმენა სურთ", - თქვა მარიამ ნიკურაძემ.
ქვეყანაში 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, არ წყდება აქციები. უფლებადამცველების ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ არის 461 დაკავებული, 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, 31 - სისხლის სამართლის ბრალდებით საფუძველზე. მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ - ჯარიმები მერყეობს 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე და ასევე ისინი იყენებენ პატიმრობასაც 4-დან 14 დღემდე. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული.