
ნარიშკინი: "ვაშინგტონს პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩავარდნა აქვს - შეხედეთ საქართველოს!"
10/12/2024 15:03:30 პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კვლავ აქტიურად ეხმიანება და ტრადიციული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივებით ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკვე თითქმის ორკვირიანი მრავალათასიანი პროტესტი მართულია აშშ-ის მიერ, რომელსაც "ყველა ფრონტზე ჩავარდნა აქვს".
მსგავსი შინაარსის განცხადება კრემლის პროპაგანდისტების კვალდაკვალ დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა ნარიშკინმა გააკეთა, რომელიც, შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში "ქართული ოცნების" კანონიერი ხელისუფლების დასამხობად დასავლეთის მიერ მართული ძალების მორიგ ფერად რევოლუციას" წინასწარმეტყველებდა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო საექსპერტო საზოგადოება, თავად რუსი დამოუკიდებელი ექსპერტების ჩათვლით, არა ვაშინგტონის, არამედ სწორედ მოსკოვის ტოტალურ ჩავარდნებზე მიუთითებს, მათ შორის - სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის კომენტირებისას და ნარიშკინის ეს განცხადება მოსკოვის სწორედ ამ ჩავარდნების ფონზეა გაკეთებული.
"აშშ-ს სერიოზული ჩავარდნები აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვაშინგტონი ინიციატივას ყველა ფრონტზე კარგავს. შეხედეთ საქართველოს: სულ ცოტა ხნის წინ იქ სააკაშვილი ცოხნიდა ჰალსტუხს, თუმცა მედასავლეთეებმა არჩევნებში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვებას ხელი ვერ შეუშალეს" - განაცხადა ნარიშკინმა და პუტინის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, "ქართული ოცნების" ქება-დიდებას მიჰყო ხელი, თან - თითქმის სიტყვა-სიტყვით იგივე კრემლისტური ცრუ ნარატივებით "ტრადიციულ ფასეულობებსა" და "ულტრალიბერალიზმზე", რომლებსაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას თავად "ოცნების" წარმომადგენლები და პროპაგანდისტები ახვევენ თავს:
"გააცნობიერა რა მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთზე ორიენტაციის დამღუპველობა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ემოქმედა საკუთარ ინტერესში და დღეს გამიზნულად დისტანცირდება გარედან თავს მოხვეული ულტრალიბერალური ტრანსჰუმანისტური დღის წესრიგისაგან, რომელიც უსასრულოდ უცხოა ტრადიციული ქართული ფასეულობებისათვის".
"ვაშინგტონის ტოტალურ ჩავარდნად" გაასაღა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა მოლდოვაში მაია სანდუს გუნდის მცირე უპირატესობით გამარჯვების ფაქტიც და იქვე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც გადასწვდა, რომლებიც, პუტინის რეჟიმის წარმომადგენლის მკიცებით, "დიდად არ ითვალისწინებენ აშშ-ისა და ევროკავშირის რეკომენდაციებს მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით, ანიჭებენ რა უპირატესობას პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას".