
სენატორი შაჰინი მომავალ სახელმწიფო მდივან რუბიოს საქართველოზეც ესაუბრა
11/12/2024 06:46:07 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისადმი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა, კოლეგა სენატორს, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად დასახელებულ რესპუბლიკელ მარკო რუბიოს შეხვდა.
სენატორ შაჰინის ინფორმაციით, იმსჯელეს გლობალური გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერასა და ჩინეთის მავნე გავლენასთან ბრძოლაზე.
ჯინ შაჰინის განცხადებით, "განიხილეს საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაც".
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.