Accentnews.ge
მსოფლიოში დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ მედიის მონაცემები: საქართველოში დემონსტრანტების დაკავების მაჩვენებელი სხვა რიგ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია

მსოფლიოში დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ მედიის მონაცემები: საქართველოში დემონსტრანტების დაკავების მაჩვენებელი სხვა რიგ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია

11/12/2024 07:15:41 საზოგადოება

საქართველოში დემონსტრანტების დაკავების მაჩვენებელი სხვა რიგ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია, – ამის შესახებ The Cipher Brief-ის უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი ია მეურმიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების დროს 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, "რაც ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 0.01% და ძალიან მაღალი მაჩვენებელია".

"გრძელი "პოსტი" გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო მონაცემებია დასკვნების გამოსატანად. მიმდინარე აქციების მსვლელობისას ამ დრომდე, საქართველოში 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 0.01%. საქართველო პატარა ქვეყანაა და მისთვის ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. Alexandra Hall Hall-ის X-ზე პოსტის ნახვის შემდეგ დავინტერესდი ზოგიერთ ქვეყანაში პროტესტების დროს რამდენი ადამიანი იყო დაპატიმრებული. თითოეულ ამ ქვეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზების გამო მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. მე ყველაზე მასშტაბური რაც მოვიძიე მათზე ვწერ. ეს ცხადია, არ არის ამომწურავი ან ზუსტი სია. ასეთია მედიის მიერ დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ გავრცელებული მონაცემები:

ამერიკა: 2020 წლის რასობრივი სამართლიანობის საპროტესტო აქციები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობად ითვლება, რადგან მასში ქვეყნის მასშტაბით 20-დან 26 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 10,000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. (0,01% 35000 ადამიანი იქნებოდა);

დიდი ბრიტანეთი: 2019 წელს კლიმატის პროტესტებზე ლონდონში 1,000-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული. (0.01% 9000 ადამიანი იქნებოდა);

იტალია: მასშტაბურ პროტესტებზე, მაგალითად, 2001 წელს დიდი რვიანის სამიტის დროს, დაახლოებით, 300 ადამიანი იქნა დაკავებული. (0.01% 6000 ადამიანი იქნებოდა);

საფრანგეთი: 2018 წელს "ყვითელი ჟილეტების" პროტესტების დროს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, პოლიციამ 2,500-ზე მეტი პროტესტის მონაწილე დააკავა ქვეყნის მასშტაბით. (0.01% 7000 ადამიანი იქნებოდა);

გერმანია: 2017 წელს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტთან დაკავშირებული მასშტაბური პროტესტების დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში, დაახლოებით, 400 ადამიანი დააკავა. (0.01% 9000 ადამიანი იქნებოდა);

პოლონეთი: ბოლო პროტესტებზე, მაგალითად, 2020 წელს აბორტის კანონთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს, დაკავებების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენდა. (0.01% 4000 ადამიანი იქნებოდა);

უნგრეთი: 2014 წელის ინტერნეტზე გადასახადის დაწესების წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა, მათ შორის, ერთ დღეს ბუდაპეშტში 100,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამ მოვლენების დროს ექვსი პირი დააკავეს. (0.01% 1000 ადამიანი იქნებოდა); აპრილში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება, სავარაუდოდ იმის გამო, რომ არავინ დაუკავებიათ. (0.01% 1000 ადამიანი იქნებოდა);

სლოვაკეთი: 2024 წელს რამდენიმე დიდი პროტესტი გაიმართა სასჯელაღსრულების კოდექსში ცვლილებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკითხებთან დაკავშირებით. დემონსტრაციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება,სავარაუდოდ იმის გამო, რომ არავინ დაუკავებიათ. (0.01% 600 ადამიანი იქნებოდა);

ბელარუსი: 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ერთ დღეში, 8 ნოემბერს, დაჭერილი ადამიანების რაოდენობა 1000-ს აღემატებოდა. საპროტესტო დემონსტრაციების დროს და მათთან დაკავშირებით ქვეყანაში 30 000-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. (0.01% 900 ადამიანი იქნებოდა);

რუსეთი: 2012 წლის 6 მაისს, მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე „მილიონების მარშის“ დროს, პოლიციამ ასობით ადამიანი დააპატიმრა (ზუსტი მონაცემები უცნობია). მაშინდელ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, სულ მცირე, 5170 ადამიანი დააპატიმრეს. პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით ჯამში დაკავებულთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში გამოგონილი ბრალდებებით აპატიმრებენ. (0.01% 15000 ადამიანი იქნებოდა)", – წერს ია მეურმიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

  • აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
  • 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 ადამიანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S