
HRW ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართოს
11/12/2024 08:05:25 საზოგადოება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის შეფასებით, "საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის".
Human Rights Watch-ის განცხადებით," ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა".
"ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ევროპის საბჭოს და გაეროს ექსპერტების მიერ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობის და წამების მზარდი მტკიცებულებები. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მთავრობის თანამდებობის პირებს და დიპლომატებს. ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების პარალელურად ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიერ დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერა", აცხადებს HRW.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირის ლიდერებმა მორალურზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ და "საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ადამიანის უფლებათა სფეროში შექმნილი კრიზისის შემდგომი ესკალაცია აღიკვეთოს".
ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 ადამიანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.