
„ქართული ოცნება“ საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობას ზრდის და 2017 წლის მოცემულობას უბრუნდება
11/12/2024 11:07:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობას ამცირებს, მაჟორიტარებისას კი ზრდის. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი უბრუნდება 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ წლების წინ არსებულ მოდელთან დაბრუნება „ამომრჩეველთა ინტერესებით“ ახსნა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, დოკუმენტი უნდა ამოქმედდეს მიღებისთანავე. კანონპროექტის მიღებას სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამჯერ კენჭისყრა სჭირდება. თუ დოკუმენტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ის განსახილველად ისევ პარლამენტს უბრუნდება.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:
- თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა 10-ია);
- თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა 7-ია);
- თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით, მაჟორიტარების რაოდენობა 6-დან 15-მდე მერყეობს, პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.
9 დეკემბერს "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".
მისი თქმით, იქნება 4%-იანი ბარიერი.
"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ამ კანონს მივიღებთ მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 9 დეკემბერს.