Accentnews.ge
ელისეის სასახლე მაკრონისა და ივანიშვილის სატელფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ელისეის სასახლე მაკრონისა და ივანიშვილის სატელფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

11/12/2024 11:27:22 პოლიტიკა

ელისეის სასახლე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ელისეის სასახლე ადასტურებს, რომ დიალოგი მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

"საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.

  • მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
  • მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.
  • მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა", – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში, რომლის თარგმანსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

მანამდე, „ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ.

„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განახლება: ელისეის სასახლის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა:

  • „საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ დამატებით ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 ადამიანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S